აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე “ქართული ოცნების” რუსულ კანონზე მორიგი განცხადება გააკეთა. სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ “აგენტების კანონი” ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. მილერის თქმით რუსული კანონი საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ და ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.
როდესაც თქვენ ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს შეხედავთ, თქვენ ნახავთ, რომ ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ, ან მათ, ვინც ჰუმანიტარულ სამუშაოსა და სამოქალაქო საქმიანობას ასრულებენ. ეს ძალიან განსხვავებული რამ არის. მსგავსი ცრუ შედარებები წარსულში მინახავს. როდესაც შეხედავთ საქართველოში წარდგენილ ტექსტს და ტექსტებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით არის მიღებული, ისინი მკვეთრად განსხვავდებიან იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ, აშშ-ში გვაქვს”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერს ასევე კითხეს საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის სანქციების დაწესებაზე, რაზეც მილერმა განაცხადა რომ არ აპირებს რაიმე განცხადება გააკეთოს სანქციებზე, არც იმაზე თუ რის გაკეთებას განიხილავენ.