საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე აქციების შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების შეფასებას გამოეხმაურა. დარჩიაშვილის უწყება აცხადებს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება „ობიექტურობას მოკლებულია. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მათი თქმით გარკვეული ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ.
“მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ. მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ. არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება”, – საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.
საფრანგეთის საგარეო უწყებამ გუშინ განაცხადა, რომ „საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება“.