რატომ თქვეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებში ვიზიტზე უარი – საქართველოს საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეული იყო იმ დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დარჩიაშვილის უწყებაში განმარტავენ რომ დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
“გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა”, – საგარეო საქმეთა სამინისტრო დანიგანს პასუხობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ უმრავლესობის ლიდერებიც იმეორებენ რომ დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომელიც მეგობრობას უნდა ახასიათებდეს.
ამერიკის ელჩმა საქართველოში, რობინ დენიგანმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიიწვიეს შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და შეერთებული შტატების დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. ქართულმა მხარემ კი ამ მიწვევაზე უარი განაცხადა.