ევროპარლამენტის უმწვავესი რეზოლუცია – დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, გადაიხედოს ვიზალიბერალიზაცია | 25.04.2024

425 მომხრე, 25 წინააღმდეგი — ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი „ოცნების“ ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნება, რომ რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება. რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ტექსტში ცვლილებების შეტანასაც. საბოლოო დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი. ევროპარლამენტარები, ასევე, მოითხოვენ შეფასდეს რუსული კანონის გავლენა უვიზო რეჟიმის კრიტერიუმებზე. გარდა ამისა, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს ჰუმანიტარული მიზნით და მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ და რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დაუშვან მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. მოუწოდებს კომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოში დაგეგმილი „უცხოური აგენტების“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, რაც „ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“. მოუწოდებს „ქართული ოცნების“ უმრავლეობას, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიცირებული პროექტი, რომელიც ზღუდავს ლგბტქი უფლებებს, რაც წარმოადგენს თავდასხმას არა მხოლოდ ლგბტქი თემზე, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე”, – ევროპარლამენტის რეზოლუცია.

საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა ევროპარლამენტში ორი დღის წინ გამართული დებატები რუსული კანონის შესახებ. ევროპარლამენტარებმა „კრემლის მიერ შთაგონებული“ კანონპროექტის რეინიცირების გამო ივანიშვილის გუნდი მწვავედ გააკრიტიკეს და თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აგენტები არა სამოქალაქო საზოგადოებაში, არამედ საკუთარ პარტიაში უნდა ეძებოს.