აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები მოიცავდა სანდო ცნობებს წამების და არაადამიანური მოპყრობის, თვითნებური დაკავებების და სასამართლოსადმი ნაკლები ნდობის შესახებ. ასევე, მედიის შეზღუდვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში ჩარევის, ხელისუფლებაში სერიოზული კორუფციის და სექსუალური უმცირესებობის მიმართ ძალადობის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების აღწერას დოკუმენტში 68 გვერდს უთმობს.
“მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, დაბალია ნდობა, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლების არასათანადო გავლენისგან თავისუფალია. სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვას განაგრძობდნენ. მათ პრობლემებზე მიუთითეს, მათ შორის მოსამართლეთა ჯგუფის გავლენაზე, რომელიც ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოების თავმჯდომარეებისგან შედგება, რომელთაც სავარაუდოდ, სასამართლო სისტემაში კრიტიკული ხმა დაახშეს და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების წინადადებებს ხელი შეუშალეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავლენიან, კარგად დაკავშირებულ და არარეფორმატორ მოსამართლეთა ჯგუფს „კლანი“ უწოდეს”, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ იყო შემთხვევები, როცა ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა. ამ კონტექსტში სახელმწიფო დეპარტამენტი ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც საუბრობს.
“22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია შეიწყალა, რომლის პატიმრობაც სახალხო დამცველის და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასებული იყო, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა. მაგალითად, ნიკა გვარამია, უმსხვილესი ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი, 2022 წლის მაისიდან პრეზიდენტის შეწყალებამდე 22 ივნისამდე ციხეში იმყოფებოდა. ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაასამართლეს. Amnesty International-მა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მისი გასამართლება მედიის თავისუფლების მიმართ შეშფოთებას იწვევდა. სახალხო დამცველის შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს არღვევდა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ გვარამიას განაჩენი 2022 წლის ნოემბერში და 19 ივნისს ძალაში დატოვა”, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშში ნახსენებია 2023 წლის მარტის საპროტესტო აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტი კანონად ქცევის შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას საფრთხეს შეუქმნიდა.
“ასევე იყო საზოგადოების ფართო საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობას. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და გასცა რეკომენდაცია შემდგომი პროგრესისთვის ცხრა სფეროში, რომლებიც მოიცავს დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმებს და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას”, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წლის ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც წერს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ. ასევე, ანგარიშში წერია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სახალხო დამცველმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა მისთვის სამედიცინო დახმარების დროული გაწევისკენ.