„ქართული ოცნება“ პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტრაქციას აანონსებს | 22.04.2024

„ქართული ოცნება“  პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტრაქციას აანონსებს. კონტრაქციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია  მმართველმა პარტიამ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა,  სადაც მითითებულია  რომ კონტრაქციის ჩატარება  „მხარდამჭერთა თხოვნაა“. ოცნების ამ განცხადებითვე ირკვევა, რომ დათვალეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა რაოდენობა და დაადგინეს, რომ აქციებზე სულ 9500 ადამიანი მივიდა.

“პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს. ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.  პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას. ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები – მამული, ენა და სარწმუნოება”, –  „ქართული ოცნების’’ განცხადება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს რომ  კონტრაქციაზე „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

“ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ აქციას ოპონეტები ეხმიანებიან. მათი შეფასებით როდესაც მთავრობა გეგმავს კონტრაქციას, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური, ჩამოყვანილი ხალხის ორგანიზებული თავყრილობა, რასაც არაფერი აქვს საერთო ბუნებრივ პოლიტიკურ მოთხოვნებთან და განცხადებებთან.

ქართული ოცნების უმრავლეოსბამ რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე   რუსული კანონის წინააღმდეგ  მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ერთი კვირის წინ დაიწყო. მას შემდეგ აქციები და მსვლელობები თბილისში ყოველდღიურად იმართება.