ოლიგარქიული სისტემა ლპობის საბოლოო ფაზაშია – მიმართვა საჯარო მოხელეებს | 22.04.2024

ივანიშვილის პარტიის მიერ 29 აპრილს დაგეგმილ კონტრაქციას პარტიები „გირჩი მეტი თავუსუფლება“ და „დროა“ ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. ისინი საჯარო მოხელეებს მოუწოდებენ, დადგნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით. ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ოლიგარქიული სისტემა ლპობის საბოლოო ფაზაშია და „ოცნება“ საჯარო მოხელეებზე პოლიტიკური წნეხის გაზრდით მათ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას აიძულებს.

“ვდებთ პირობას, რომ ოლიგარქ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ვიბრძოლებთ, რომ ბაღის აღმზრდელებს, სკოლის მასწავლებლებს, უბნის ინსპექტორებს, სოფლის რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, სხვა საჯარო მოხელეებს, აღარასდროს მოუწიოთ მმართველი ძალის სასარგებლოდ საარჩევნო ხმების გამოძალვა. კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები აღარასდროს გახდნენ პროპაგანდის ინსტრუმენტი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში. აღარასდროს მოგიწიოთ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, ხელმძღვანელობის მითითებით, გააზიაროთ და დააკომენტაროთ მთავრობისთვის სასურველი შინაარსები სოციალურ ქსელებში. დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!” – „გირჩი — მეტი თავისუფლების“ და „დროას“ განცხადება.