პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ოფშორებში არსებული აქტივების საქართველოში გადმოტანას დაუბეგრავად შეძლებს და 2030 წლამდე მისი ქონება აქ გადასახადებისგან გათავისუფლდება. ცვლილებებით, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, ყველა შემოსავალი და სარგებელი მოგების და საშემოსავლო გადასახადებისგან თავისუფლდება. აქტივების საქართველოში გადმოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისგანაც. გარდა ამისა, 2030 წლის იანვრამდე საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივებთან დაკავშირებით, ქონების გადასახადისგანაც თავისუფლდება.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ სასწრაფო წესით კანონში ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით შეიტანა. მათი თქმით, ქართველ ოლიგარქს ახლა სანქცირების ეშინია. ოპოზიცია სწორედ სანქციების შიშით ხსნის კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას, რომლითაც ივანიშვილი შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, ოფშორებში გადამალულ ქონებას, წილებს და აქციებს საქართველოში შემოიტანს.
სინქ: ხაბეიშვილი, ნონიაშვილი
მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ცვლილებები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ინტერესების გამო არ მიუღიათ. ივანიშვილის თანაგუნდელების თქმით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებით საქართველო ოფშორებში რეგისტრირებულ კომპანიებს მოიზიდავს და მათ მიერ გადახდილი გადასახადები ქვეყანას მოხმარდება, თუმცა, უმრავლესობის წევრები ვერ აკონკრეტებენ, რა უნდა მოხმარდეს ქვეყანას და ბიუჯეტს, როცა ამ კანონით ოფშორებიდან შემოტანილი აქტივები ყველა გადასახადისგან თავისუფლდება.
საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ „ოცნება“კანონს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე არგებს. რადგან, ამ ცვლილებებით, შესაძლოა, საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკი გაიზარდოს.
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ავტორებიც უმრავლესობის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა და გოგი მეშველიანი არიან, პარლამენტში განსახილველად 10 აპრილს დარეგისტრირდა. დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილმა 15 აპრილს პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად მიიღო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქონების გადარჩენას არ უკავშირდება. მათი თქმით, ე.წ. „ოფშორების კანონი“ საქართველოს რუსული შავი ფულის გათეთრების ადგილად აქცევს, რაც ქვეყნის საფინანსო სისტემის სანქცირებას გამოიწვევს და საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად აქცევს.