შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსულ კანონს და ქართულ ოცნებას მწვავედ აკრიტიკებს.ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეხებოდა, დეგნანმა თქვა, რომ საქართველო ივანიშვილის ხელისუფლებას ავტორიტარიზმისკენ მიყავს. რუსული კანონის ხელახლა ინიცირების მიზანი კი ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების არდაშვებაა.
“- მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ, რომ არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებაში. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს.
– ვფიქრობ, რომ კიდევ იქნება კრიზისი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ამჯერად, ამ კანონის გარშემო მიმდინარე პროტესტისთვის, სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უკეთაა ორგანიზებული ვიდრე გასულ წელს.
ირონიულია, რომ კაცი, რომელიც 2018 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი ავტორი იყო და ახლა პრემიერ-მინისტრია, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია და არ გამიკრიდება, თუ ქართული ოცნება ოქტომბერში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, ისინი როგორმე შეცვლიან 78-ე მუხლს.
– საქართველო, ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ და ეს ძალიან მაღელვებს, რადგან ვხედავ, ამ მხრივ, გლობალურ ტრენდს.
– საქართველოს ჰყავს ოლიგარქი, რომელიც მიზანდასახულად ცდილობს სტატუს ქვოს შენარჩუნებას მის სასარგებლოდ და აქ არსებობს ენდემური, მაღალი დონის კორუფცია და მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტები”,- კელი დეგნანის განცხადება.
რუსულ კანონს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინაც. მისი თქმით რუსული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს და ე.წ. რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხაილ როთი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ,პასუხობს, რომლისთაც პრემიერმა გერმანიის ელჩს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. როთი ხაზგასმით ამბობს, რომ ბუნდესტაგში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მეორედ ინიცირებულ რუსულ კანონს არ იწონებენ.
“ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება “უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის”,- მიხაილ როთის განცხადება.
საქართველოს პრემიერმინისტრს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც მიმართავს. ევროდეპუტატი კობახიძეს რუსული კანონის კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვევისკენ მოუწოდებს
“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კობახიძე, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. „რუსულ კანონს“ ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება, გთხოვთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას”, – ვიოლა ფონ კრამონის პოსტი X-ზე.