მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაუცრუონ იმედები მოსახლეობის მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები | 18.04.2024

ევროპარლამენტარები – დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ეხმაურებიან საქართველოში რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას და მოქალაქეთა პროტესტის ძალისმიერი მეთოდებით ჩახშობის მცდელობას. ევროპარლამენტართა განცხადებაშია ნათქვამია, რომ კანონპროექტი, არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.განცხადებაში ასევე საუბარია კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე აქციებზე. მათი თქმით მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენება დაუშვებელია. განცხადების ავტორები ამბობენ რომ რომ მსგავსი შემთხვევა განსაკუთრებით მიუღებელია იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს.

“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენით. ეს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო, არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, არ გაუცრუონ იმედები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებებს, იმუშაონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ცნობებით სპეცრაზმის მიერ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების დასაშლელად ძალის გამოყენების შესახებ. მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური უფლება და უნდა იქნას მკაცრად დაცული, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის განურჩეველი გამოყენება გაუმართლებელია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა და თავიდან აიცილოს ძალადობის ესკალაცია. ჩვენ ურყევ მხარდაჭერას ვუდასტურებთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს და შევახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები ჯერ კიდევ შესასრულებელია”, – ევროპარლამენტარების განცხადება.