ივანიშვილმა ქონების გადასარჩენად „ოცნებას“ პარლამენტში კანონპროექტი მიაღებინა | 17.04.2024

პარლამენტმა დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლითაც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში, ანუ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში ყველა შემოსავალი და სარგებელი მოგების და საშემოსავლო გადასახადებისგან თავისუფლდება. აქტივების საქართველოში გადმოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისგანაც. გარდა ამისა, 2030 წლის იანვრამდე საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივებთან დაკავშირებით ქონების გადასახადისგანაც თავისუფლდება.

პროექტის განხილვას და მხარდაჭერას დღეს პარლამენტში სულ 5 წუთი დასჭირდა. კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, რომ საგადასახადო კოდექსში ამ ცვლილებებით საქართველო ოფშორებში რეგისტრირებულ კომპანიებს მოიზიდავს.

კანონპროექტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ის პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის შეიქმნა, რომელიც ოფშორებში არსებული აქტივების საქართველოში გადმოტანას აპირებს და წინასწარ მოამზადა საკანონმდებლო ბაზა, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდეს. პროექტში ნათქვამია, რომ გადასახადებისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოფშორში რეგისტრირებულ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის და აქციების 100%–ს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფი ფლობს, რაც დიდი ალბათობით პირადად ივანიშვილზე და მის კომპანიებზეა მორგებული.

კანონპროექტი დღეს პარლამენტის სხდომაზე მას შემდეგ გაიტანეს, რაც რუსული კანონის განხილვასთან დაკავშირებით ხმაური და კენჭისყრა დასრულდა. იმ დროისთვის დარბაზში უკვე ოპოზიციონერები აღარ იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით კანონს, რომელიც ივანიშვილმა მისი ქონების გადასარჩენად და გადასახადებისგან გასათავისუფლებლად საკუთარ გუნდს მიაღებინა, პარლამენტში ოპოზიციის რეაქცია არ მოჰყოლია.