ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – ახლა 22 წლის ახალგაზრდას ბედი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელშია. ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით უკვე მიმართეს. ოჯახი და ადვოკატები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაბამისი განცხადების შესატანად პირდაპირ საქალაქო სასამართლოდან განაჩენის გამოცხადების შემდეგ წავიდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს იყო ერთ-ერთი სამარცხვინო, დაუსაბუთებელი და არაკანონიერი განაჩენი.
22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. ლაზარე გრიგორიადისს პროკურატურა გასულ წელს, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დროს, პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და პატრულის მანქანის დაწვას ედავებოდა. გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დაემთხვა “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის” დაბრუნებას პარლამენტში განსახილველად – სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე.