ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრების განცხადება | 11.04.2024

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ვკითხულობთ რომ დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარა შეშფოთება ბოლოდროინდელ ინიციატივებთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტზე. საქართველოში მყოფი დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები ასევე საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.

“კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და საქართველოს ხელისუფლებას ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. მოცემულ კონტექსტში, ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციები ცხრა ნაბიჯის სახით მკაფიო სახელმძღვანელოს წარმოადგენს. საჭირო რეფორმები და წინსვლა შეფერხების გარეშე, მთელი საზოგადოების მონაწილეობის მიდგომით, მთავრობის, ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უნდა განხორციელდეს. დრო არ იცდის და ახლა არის დრო შესრულდეს ცხრა ნაბიჯი და თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას შექმნის. დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარა შეშფოთება რამდენიმე ბოლოდროინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებაში და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის 2024 წლის 4 აპრილის განცხადება დაიმოწმა. ევროკავშირმა თავის ფუძემდებლურ ხელშეკრულებაში დაცულ საკუთარ ღირებულებებს ხაზი გაუსვა”, – ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრების განცხადება.