„ქართული ოცნების“ რუსულ კანონს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები უპირისპირდებიან. წუხელ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, სპექტაკლ „მეფე ლირის“ დასრულების შემდეგ მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა მაყურებლებს მიმართა და თქვა, რომ ერთი კაცის სურვილების გამო, საქართველოს ევროინტეგრაცია შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
რუსულ კანონთან დაკავშირებით დღეს განცხადება საქართველოს პენცენტრმაც გააკეთა. ტექსტზე ხელმომწერი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები გმობენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსული კანონის რეინიცირებასთან დაკავშირებით. ხელმომწერები ქართველ ხალხს მოუწოდებენ, წინ აღუდგნენ ქვეყნის რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას. განცხადებას ხელს 60-მდე ადამიანი აწერს.
“საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია აღნიშნული ქმედებით უარს ამბობს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ ანგარიშვალდებულებაზე და დგამს მოღალატეობრივ ნაბიჯს ქართველი ერის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. გაცემული სიტყვის გატეხა, მეგობრების გასაჭირში მიტოვება, მტერთან კოლაბორაცია, ძლიერთან ქედის მოხრა, ხოლო სუსტების ჩაგვრა, არასდროს ყოფილა და ვერასდროს იქცევა ქართული სულის და ხასიათის ნაწილად. მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუონ სიტყვის გამტეხელ, ნებაყოფლობით გარუსებული მოღალატეების ძალმომრეობას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ღალატს და ყველა შესაძლო ფორმით და მეთოდით წინ აღუდგნენ საქართველოს რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას. დასასრულს შეგახსენებთ, რომ 9 აპრილიდან 35 წლის თავზე ჩვენ ისევ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით, რადგან ამ დღის გმირებმა საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება საკუთარი სიცოცხლის ფასად მოუტანეს და მისი დაცვა დღეს ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია”, – საქართველოს პენცენტრი რუსულ კანონზე.
„ოცნების“ რუსული კანონის საფრთხეების შესახებ სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოზიციას ერთმანეთის მიყოლებით აფიქსირებენ. მათ შორის არიან მსახიობები და მოცეკვავეები.
“35 წელია, რაც 9 აპრილს, სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას ვიცავთ მახრჩობელა რუსეთისგან, რომელიც ხან მოგვიჭერს კისერში და ხან მოგვიშვებს, მაგრამ, მაინც შემოხვეულია საქართველოს სხეულზე და არ გვიშვებს… როდემდე?!?! მაშინ ყველაფერი ნათელი იყო: თავისუფლების მოყვარე, ქართველი ერი და მონსტრი, ამაზრზენი კომუნისტური რუსეთი… ახლანდელი ბრძოლა კი კიდევ უფრო საშიში და სულისშემძვრელია, რადგან სახეშეცვლილი კომუნისტური რუსეთი ჩვენივე მემამულეების, ქართველების ხელით გვებრძვის, ერთმანეთს გვაძულებს და გვახოცინებს, ნუ გავახარებთ მტერს!!! გთხოვთ, გემუდარებით გონს მოეგეთ. დრო აღარ გვაქვს!!! გავერთიანდეთ და სწორ მხარეს დავდგეთ ერთად, ერთი საქმისთვის, საქართველოს საბოლოოდ გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის. აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, 9 აპრილისთვის, მომავლისთვის, შვილები და შვილიშვილებისთვის‼️‼️‼️” – თეა დარჩია რუსულ კანონზე.
“საერთოდ, არ მესმის, ნუთუ არ არის ისეთი კანონები, რომლებიც პირიქით, დაგვაახლოებს ამ [ევროპულ] პერსპექტივასთან, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, დასავლეთის თვალით, ჩვენ ახლა გვიყურებენ, რომ ყველანაირ ღონეს ვიყენებთ, რათა ხაზი გადავუსვათ ამ პერსპექტივას და არ მგონია, ეს ლამაზად ჩანდეს. ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე ვდგავართ, გვიმეორდება 9 აპრილი. ვერ გამოვედით, ვერ გამოვძვერით აქედან და იმ საბჭოთა რეჟიმიდან მოყოლებით, ამდენი თაობა და დღევანდელი რეჟიმი, რომელიც თავისი ფორმატით არანაკლებ საშინელია. ვშორდებით თავისუფლების პერსპექტივას, ეს მართლა არ მესმის. მე იმედი მაქვს, სამყარო გვიყურებს, როგორც ჩვენი ხალხის ნებას და ამის იმედი მაინც მაქვს”, – ილიკო სუხიშვილი რუსულ კანონზე.
“ძალიან თვალსაჩინოა ყველაფერი და მარტივი მისახვედრია. ერთი წლის წინ ჩვენ მოვიგეთ ეს ბრძოლა, მთავრობამ დაიხია უკან და რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ გადაგვაგდო უკვე მერამდენედ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამით უნდა მივხვდეთ, რომ რაღაცას გვატყუებენ. მეორეც – დასავლეთი გვეუბნება, რომ ამ კანონს თუ მიიღებთ, სამომავლო ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშააო. ესენი ახლა აქეთ გვიმტკიცებენ, რომ ეს კანონი რუსული კი არა, ევროპულიაო. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები და თან ძალიან მარტივი: რუსეთი თუ დასავლეთი? მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ევროპა გვინდა. ღრმად მწამს და მჯერა, რომ კიდევ ერთხელ მოვიგებთ ამ ბრძოლას და კიდევ არაერთხელ. მარტივია – ყველაფერს უნდა შევეწინააღმდეგოთ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ მომავალს”, – გივიკო ბარათაშვილი რუსულ კანონზე.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მიღება, თავდაპირველად, 2023 წლის მარტში სცადა. მაშინ კანონპროექტი პარლამენტში ე.წ. „ხალხის ძალამ“ დააინიცირა. პირველი მოსმენით რუსული კანონის მიღებას საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე პროტესტი მოჰყვა. 7 და 8 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოიყენებით დაარბია. პროტესტის შემდეგ, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია. მაშინ მმართველი გუნდის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ, რადგან ამას შესაძლოა ხელისუფლებისთვის უმძიმესი შედეგები მოეტანა. თუმცა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიდან 1 წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ“ სადავო კანონპროექტი პარლამენტში ისევ დაარეგისტირა.