პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს საკითხის განხილვა პარლამენტში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ოპოზიციის დიდი ნაწილი სავალდებულო კვოტირების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს. ოპონენტები კოლეგებს ქართულ ოცნებასთან პოლიტიკურ ვაჭრობაში ადანაშაულებენ და მწვავედ აკრიტიკებენ. „გირჩის“ წინადადებას განსაკუთრებით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ეწინააღმდეგებიან. მათი შეფასებით, ქალთა კვოტირების გაუქმება მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებში შედის.
ქართულ ოცნებაში ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. მმართველი პარტიაში ამტკიცებენ, რომ არსებული კვოტირების საკითხი თავის დროზე არ იყო სწორი გადაწყვეტილება და ამით თავად ქალებს აყენებდნენ შეურაცხყოფას.
საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც გენდერული კვოტირების გაუქმებაა 80 ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს. ორგანიზაციები წერენ, რომ კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს.
“აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღების კანონზე და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კონსტიტუციის ცხადად დეკლარირებული ნებაა, მიანიჭოს სახელმწიფოს სქესთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფისა და არსებული უთანასწორობის აღმოფხვრისათვის გარკვეული პოზიტიური ქმედებების განხორციელების ლეგიტიმაცია. სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის გაზრდა წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტიდან მომდინარე მნიშვნელოვან კონსტიტუციურ მიზანს. სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედება დადებითად აისახა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ქალთა წარმომადგენლობა 3%-ით 19.1%-მდე, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 13.8%-დან 24%-მდე გაიზარდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი ჯერ ისევ ვერ აღწევს ქალთა წარმომადგენლობის კრიტიკულ მასას – 40%-ს. 2023 წლის გლობალური გენდერული ინდექსის მიხედვით, საქართველო 76-ე ადგილს იკავებს 146 ქვეყანას შორის, ხოლო პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით 125-ე ადგილზეა. ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის და გენდერული დისბალანსის აღმოფხვრის ვალდებულება გათვალისწინებულია არაერთ საერთაშორისო აქტში, მათ შორის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციაში, პეკინის დეკლარაციასა და სამოქმედო პლატფორმაში და ევროპის საბჭოს რეკომენდაციაში”, – 80 ორგანიზაცია გენდერული კვოტირების გაუქმების წინააღმდეგ.
ქალების სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების იდეას აკრიტიკებს და მას დისკრიმინაციულად მიიჩნევს სახალხო დამცველიც. დღეს საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 27 ქალია, რაც სრული შემადგენლობის 19,4%-ია. გენდერული კვოტირების შესახებ აქამდე მოქმედი კანონით პარტიულ სიაში მინიმუმ ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო.