შალვა პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის საელჩო დღეს ქართულ მართლმსაჯულებაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. პაპუაშვილი ე.წ. „ვეტინგის სისტემასთან“ დაკავშირებით ელჩის გუშინდელმა განცხადებამ გააღიზიანა. პაველ ჰერჩინკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერების შემოწმების აუცილებლობას ხედავს. პაპუაშვილმა ჰერჩინსკის საპასუხოდ დღეს თქვა, რომ თუ ვინმეს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმება ეს მესამე სექტორია.
საქართველოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ერთიანი სისტემის შემუშავებისკენ უკვე მოუწოდა ევროკავშირის წარმომადგენლობამ. რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლების მხრიდან იმ მოსამართლეებზე თავდასხმა, რომლებიც კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარს უჭერენ, შემაშფოთებელია. ამ დროისთვის, ცნობილია, რომ ე.წ. ვეტინგს მხარს 10-მდე მოსამართლე უჭერს, მათ შორის არიან: უზანაესი, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეები. კეთილსინდისიერების შემოწმებას, „ქართული ოცნების“ მსგავსად, ეწინააღმდეგებიან ის მოსამართლეები, რომლებსაც, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ნაწილი, „სასამართლო კლანის“ წევრებად მიიჩნევენ.