როგორ ასახა 2023 წელს დახარჯული ათობით ათასი ლარი ყოფილმა პრემიერმა დეკლარაციაში. ირაკლი ღარიბაშვილის ახალი დეკლარაციით ირკვევა რომ ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო 2023 წელს კვლავ მშობლების ნაჩუქარი ფული იყო. დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2024 წლის 23 მარტსაა შევსებული ირკვევა რომ ღარიბაშვილს მშობლებმა გასულ წელსაც 150 000 ლარი აჩუქეს.
დეკლარაციაში შეტანილია ღარიბაშვილის სკანდალური ამერიკული მოგზაურობისთვის დახარჯული თანხებიც. დეკლარაციის მიხედვით ღარიბაშვილებს გასულ წელს ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაუჯდათ, დოკუმენტის ამ გრაფაში ცალკეა მითითებული მისი შვილის აშშ-ში სასწავლებლად წასვლისთვის დაქირავებული სახელმწიფო თვითმფრინავის ხარჯი:
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით მის ოჯახს 2023 წელს 109 500 ლარი დაუჯდა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ფული ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრმა 2 ეტაპად გადაიხადა: ჯერ 94 500 ლარი, შემდეგ კი — 15 000 ლარი.
დეკლარაციაში არაფერი წერია ღარიბაშვილის შვილის, ნიკოლოზ ღარიბაშვილის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის საფასურზე. პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის ბიზნესსკოლაში სწავლა ერთი წლის მანძილზე, თავად უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით უშუალოდ სწავლის, ცხოვრებისა და სხვა ხარჯების ჩათვლით 90 ათასი დოლარი ჯდება.
ღარიბაშვილის დეკლარაციაში არ ჩანს, ვინ იხდის ამ თანხას. მან უფროსი ვაჟი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი 2023 წლის დეკლარაციიდან საერთოდ ამოიღო.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ღარიბაშვილის ხელფასი გასულ წელს 45 104,4 ლარი იყო. წინა დეკლარაცია ღარიბაშვილს 2023 წლის 30 ოქტომბერს აქვს შევსებული, ამ დროიდან, ახალი დეკლარაციის შევსებამდე ანუ 2024 წლის 23 მარტამდე ყოფილმა პრემიერმა მოახერხა, რომ დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა.
განახლებული დეკლარაციის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ოჯახური წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა. სავარაუდოდ საუბარია ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის დაბადების დღეზე, რომელიც მედიაში გახმაურდა. ოჯახმა შვილების სწავლაში 42 900 ლარი გადაიხადა, სახელმწიფო ტყის სარგებლობისთვის, რომელიც ღარიბაშვილმა ცოლს აჩუქა – 6255 ლარი.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა. საქართველოს ყოფილ პრემიერს ახალი ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება თანამდებობის დატოვებიდან ორ თვეში ჰქონდა – მას კანონით მიცემული ვადა არ დაურღვევია. მიუხედავად ამისა ახალმა დეკლარაციამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინა ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ ღარიბაშვილი კორუმპირებულია ხოლო დეკლარაციაში მითითებული ხარჯები ბუნდოვანი.