„ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. პროექტის მიღების შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. „საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი ნორმის მიხედვით, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. „ოცნების“ პროექტის მიღების შემთხვევაში კი, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ცვლილებების რეალური მიზეზი არჩევნების წაგების შიშია, რადგან ივანიშვილის პარტიის რეიტინგი ახლა 40%-ზე ნაკლებია.
კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება შედის. 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, რის გამოც ქვეყანას მაჟორიტარები აღარ ეყოლება. „ოცნებას“ კანონში მაჟორიტარის ნაცვლად შემოაქვს ცნება „დელეგატი“. კანონპროექტის თანახმად, პარტიას აქვს უფლება პარტიული სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი რომელიმე საარჩევნო ოლქის დელეგატად განსაზღვროს. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ცვლილება საკრებულოებს უფლებამოსილებების დროული და ეფექტური განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. უმრავლესობის წევრების თქმით, პროექტს ჯერ საბოლოო სახე არ აქვს და მასზე მსჯელობა შესაძლებელია.
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი სადავო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.