რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთთან, სავარაუდოდ, ახალ საგუშაგოს აშენებენ. შეიარაღებული ფორმიანები საოკუპაციო ხაზთან დღეს გამოჩნდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპანტები ადგილზე სატვირთო მანქანით მივიდნენ და უკანონო სამუშაოებს ახორციელებენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ძველი საგუშაგოს გვერდით ახალს აშენებენ. ამ დროისთვის, სოფელთან მისასვლელი გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი და იქ, ჟურნალისტებს არ უშვებენ.
ხურვალეთში არსებულ ვითარებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. მათ ტერიტორია უკვე დატოვეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ოკუპანტების გააქტიურებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადებას არ ავრცელებს.