თბილისის მერია იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟს გეგმავს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძე ამბობს, რომ აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს დასკვნით ხიდი მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაშია და მისი ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია. მისივე თქმით, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის შემდეგ, ადგილზე ახალი ხიდი აღარ აშენდება, რადგან კალაძის თქმით მას რამდენიმე მილიონი ლარი დაჭირდება. ამის ნაცვლად მერია ქუჩის გადასაკვეთად ე.წ. ზებრა გადასასვლელებს მოაწყობს.
იუსტიციის სახლი 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა. მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადაც სწორედ მაშინ მოეწყო. გახსნის შემდეგ ხიდს სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩაუტარდა.