ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ 9 ნაბიჯის შესრულების მიზანი საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაა და არა ბრიუსელისთვის თავის მოწონება. ჰერჩინსკის განცხადება ევროკავშირის საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელდა, სადაც ევროპელი პარტნიორები მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობენ. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარი კომპასი კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს.
“დავიწყებ იმით, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიერ მისი ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარება. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ცნობილი 9 ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება. მათი შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს. ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არაა იყოს „ბრიუსელის მოსაწონი“; მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა. ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროკავშირი ამ გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მხარს დაუჭერს. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს საქართველოს კომპასი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – პაველ ჰერჩინსკი.