მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს ჩაგდებას. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები კენჭს, სავარაუდოდ, ხვალინდელ სესიაზე უყრიან.
“ლელოს” წევრს გიორგი სიორიძეს, რომლის თანამდებობის გაუქმებასაც ხელისუფლება ცესკოში გეგმავს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა. სიორიძე საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ისმენდა და ანრი ოხანაშვილს სთხოვა, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცა, თუმცა ოხანაშვილმა მას მიკროფონის ჩართვაზე უარი უთხრა.
სიორიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ეუთო-ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისიწნებს, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელი იქნება.
გიორგი სიორიძემ პარლამენტიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაინაცვა, სადაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. თავმჯდომარის, გიორგი კალანდრიშვილსა და მისი ოპოზიციონერი მოადგილის, გიორგი სიორიძეს შორის მწვავე კამათი სიორიძის მხრიდან სიტყვით გამოსვლის მოთხოვნას მოჰყვა. კალანდარიშვილმა მას უთხრა, რომ ამის უფლებას მხოლოდ კომისიის სხდომის ბოლოს მისცემდა, მას შემდეგ, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდნენ. კალანდარიშვილმა სიორიძეს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკურ პლატფორმებზე გაეკეთებინა და მიკროფონი გამოურთო. ამის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა კენჭისყრაზე დააყენა, სიორიძემ კი პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა.
2024 წლის 20 თებერვალს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. დოკუმენტის მიხედვით, შეიცვლება ცესკოს თავმჯდომარის, ე.წ. პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დანიშვნის წესი და გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა. პრეზიდენტის ხედვით, ცესკოს თავმჯდომარე და ე.წ. პროფესიული წევრები პარლამენტში შემავალ პარტიებს შორის კონსენსუსის საფუძველზე უნდა აირჩეს. სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს 5 მარტს დაადო ვეტო.