რა კონფიგურაციით წარსდგება 2024 წლის საპარალმენტო არჩევნებზე ოპოზიციური სპექტრი?! – ორი ნიკას ალიანსის შემდეგ აქტიურად მიდის განხილვა წინასაარჩევნოდ პარტიების გაერთიანებაზე. პოლიტიკურ პარტიების ნაწილს კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო გაერთიანებებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ხოლო “ქართული ოცნების” დამარცხებისთვის კი საჭიროა მძლავრი პოლიტიკური ცენტრის შექმნა. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი პაატა მანჯგალაძე კი პარტიების გამსხვილებაზე საუბრობს.
გახდება თუ არა მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი წინასაარჩცევნოდ პოლიტიკურ ველზე ახლად დაფუძნებული ორი ნიკას პარტია ?! – “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მაკიაჟის ცვლილებების მიუხედავად, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” კლონები არიან და ოპოზიციაში არანაირი “ახალი” ძალა არ არსებობს.
პარტია “ახალთან” დაკავშირებით “ქართული ოცნების” პოზიცია თანხვედრაშია გახარიას გუნდის პოზიციასთან. ექსპრემიერის პარტიის წევრი მიხეილ დაუშვილი პოლიტიკურ გაერთიანება “ახალს” კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” უწოდებს და აცხადებს, რომ ორი ნიკას ერთობა ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ერთ-ერთი მიმართულებაა. დაუშვილი ასევე განმარტავს, პარტიის უცვლელ პოზიციას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აპირებენ გაერთიანებას.
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ხელისუფლებას მექანიკური გაერთიანებებით ვერ დაამარცხებენ. მისი თქმით, ნებისმიერ გაერთიანებაზე საუბარი არარეალისტურია. მისი პოზიციაა, რომ ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ დიდი კრიტიკული მასის არსებობით არის შესაძლებელი.
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და მთავარი არხის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ გაერთიანების შესახებ 11 მარტს ოფიციალურად განაცხადეს და პოლიტიკური პარტია “ახალის” პრეზენტაცია გამართეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩვნებისთვის ისინი ნომერი 4 -ით იასპარეზებენ. აპრილში კი პარტიის ყრილობა გაიმართება. მანამდე კი სხვადასხვა პარტიებთან თუ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციები გრძელდება. ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ახალ პარტიასთან სამომავლო კოორდინაციას არ გამორიცხავს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ორი ნიკას პარტიასთან კონსულტაციებს ადასტურებს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძეც.