უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე ტელეგრამ არხზე „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც უკრაინას ზურაბ ადეიშვილის და გიორგი ლორთქიფანიძის საქართველოსთვის გადმოცემისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, ივანიშვილის პარტია უკრაინას არამეგობრულ ქმედებებში ადანაშაულებს, რის შესახებაც ვრცელი წერილი კობახიძის მთავრობამ გუშინ გაავრცელა. დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას პროკრემლისტურს უწოდებს და ურთიერთობის ნორმალიზების სამ პირობას ასახელებს:
“საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავცეთ “ურთიერთობების ნორმალიზების” მოტივით. თუ მართლა ვისაუბრებთ “ნორმალიზებაზე”, მაშინ ამისთვის არსებობს გეგმა: გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რასაც თვითონ ქართველი ხალხი ითხოვს. შეწყვიტონ აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად წარიმართება”, – დავით არახამიას განცხადება.
საქართველოს მთავრობამ 11 მარტს განცხადება გაავრცელა, რომელშიც უკრაინის, თითქოსდა, არამეგობრულ ნაბიჯებზე იყო საუბარი. ხელისუფლებამ რუსეთთან ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის გამო გააკრიტიკა. კობახიძის მთავრობას მიაჩნია, რომ უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯები მეგობრულ სულისკვეთებას უხეშად ეწინააღმდეგება.