“ქართული ოცნება” პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. სალომე ზურაბიშვილმა ვეტო”საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს დაადო. პრეზიდენტის 11-გვერდიანი მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარედგინა. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ შეზღუდულია პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში.
პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ., მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში, სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს. პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს.
საქართელოს პრემიერ-მინისრტრი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ვეტო ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიას ემსახურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს განაგრძობს, თუმცა უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, რათა ცესკომ არჩევნების ეფექტიანად ჩატარება შეძლოს.უმრავლესობას ვეტოს დასაძლევად , 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის პოზიციას ეთანხმებიან. მათი შეფასებით მმართველი პარტია ცესკოს შესახებ კანონის მიღებით ევროკავშირის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი სადავო ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს დაამტკიცა. ვენეციის კომისიის მიერ დაწუნებული კანონპროექტით ცესკოში გაუქმდა თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, რომელსაც ოპოზიციის მიერ წარდგენილი პირი იკავებდა. ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ამ საკანონმდებლო ცვლილებებით ცესკოს დაკომპლექტების პროცესს სრულად ჩამოაშორა საქართველოს პრეზიდენტიც.