ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი „ქართული ოცნების“ ქმედებებით კმაყოფილია. ინალ არძინბა ივანიშვილის პარტიის რიტორიკას იმეორებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება გონივრულად იქცევა, რადგან მეორე ფრონტს ამერიკელების სურვილის მიუხედავად არ ხსნის. თუმცა, არძინბას აქვს კითხვა: რატომ ამბობს უარს საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, რომელიც სოჭთან, სირიუსის ტერიტორიაზე იმართება. ფესტივალში ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსით მონაწილეობენ. ამის მიუხედავად, მასში მონაწილეობს 40-კაციანი ქართული დელეგაციაც. მას ხელმძღვანელობს პრორუსული ორგანიზაციის, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი“ დიმიტრი ლორთქიფანიძე. პრორუსმა ქართველმა ახალგაზრდებმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ახალგაზრდები მთავარ როლს ასრულებენ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგების პროცესში.
ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ფესტივალში 188 ქვეყნიდან ჩასული 20 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. ფესტივალზე იმყოფება კრემლის მთავარი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი, რომელიც ღია დიალოგის ღონისძიებაზე უკრაინაში რუსეთის ომის მონაწილე სამხედროს სცენაზე ჩაეხუტა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რასაც ის აკეთებს.
სიმონიანმა სიტყვით გამოსვლისას რუსული პროპაგანდისტული მედია შეაქო და თქვა, რომ ე.წ. მიუკერძოებლობა ბიბისის მიერ მოგონილი ფანდია, რათა რუსებს და რუს ჟურნალისტებს პატრიოტიზმი და სამოქალაქო ერთგულება წაართვას. ფესტივალზე ჩინეთის დელეგაციამ ცნობილი საბჭოთა სიმღერა, კატიუშა შეასრულა.