რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცხედარი უკანასკნელ გზაზე. ტაძრიდან სასაფლაომდე მას ხალხი ზევით აწეული ყვავილებით მიაცილებდა და სხვადასხვა ფრაზებს სკანდირებდა. მათ შორის ფრაზას – პუტინი მკვლელია და რუსეთი პუტინის გარეშე.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცხედარი მოსკოვის გარეუბანში, ბორისოვსკის სასაფლაოზე ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაკრძალეს.
მანამდე მარინოში, დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში მისი პარაკლისი და გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი გაიმართა.
ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი იდგა რიგში და სკანდირებდა, რომ რუსეთი იქნება თავისუფალი.
ნავალნისთან გამომშვიდობების მსურველი იმდენად ბევრი იყო, რომ რიგი კილომეტრზე მეტ სიგრძეზე გაიჭიმა და მეზობლად მდებარე კორპუსების ეზოშიც გაგრძელდა. ნავალნის ცხედარი ტაძარში დღეს, პანაშვიდის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე გადაასვენეს. აქ მას უკვე ელოდა ხალხი, რომელიც ტაშით და სკანდირებით დახვდა.
ნავალნის გასვენებაში მისული რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი შოკირებულნი არიან ნავალნის სიკვდილით, თუმცა მის ბრძოლას გააგრძელებენ.
ტაძართან ყველაზე ახლოს მდებარე მეტროსადგურიდან მიმავალი გზა დილიდან გადაკეტეს და აქ მილიცია მორიგეობდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია მეტალის ბარიერებით შემოღობეს, იქვე იყო სპეცრაზმის მანქანები. პოლიციელები იყვნენ ტაძრის მიმდებარე შენობების სახურავებზეც.
გამოსამშვიდობებლად მისულთა ნაწილს საბუთებს უმოწმებდნენ, თუმცა ამან ხალხის ნაკადი ვერ შეაჩერა.
რუსი ოპოზიციონერი, პუტინის მთავარი ოპონენტი, ალექსეი ნავალნი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მის ცხედარს ოჯახს არ აძლევდნენ და დედისგან ითხოვდნენ, ნავალნი ჩუმად, ხმაურის და ხალხმრავალი გამომშვიდობების გარეშე დაემარხა, რაზეც დედა არ დათანხმდა. ცხედარი ოჯახს გასული კვირის ბოლოს გადასცეს, თუმცა როგორც ნავალნის გუნდი ამბობს, მათ სარიტუალო დარბაზის მოძებნაში პრობლემები შეექმნათ. ბოლოს ნავალნის დაკრძალვა ბორისოვსკის სასაფლაოზე გადაწყდა.
რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის შემდეგ მისმა ცოლმა, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის გათავისუფლებისთვის იბრძოლებს.