„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ოკუპანტი ქვეყანა ივანიშვილის მთავრობას სანქციებისგან თავი არიდებაში იყენებს. მათივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორები ამას ხედავენ და მომხდარს უპასუხოდ არ დატოვებენ.
„ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ აშშ-ში გაკეთებული განცხადებები აჩვენებს „ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის შედეგს. რაც იმაში გამოიხატება, რომ საქართველოს საკითხი პარტნიორებისთვის აქტუალური აღარ არის.
„ქართული ოცნება“ კი კითხვებზე მკაფიო პასუხების გაცემის ნაცვლად, ამერიკის შეერთებული შტატების სენატს თავს ესხმის. დეპუტატმა ზარქუამ დღეს თქვა, რომ ისევე როგორც ევროპარლამენტში, სენატშიც წინა ხელისუფლების მეგობრები არიან და ისინი ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ.
სანქციების შესაძლო დარღვევაზე ამერიკელი სენატორების განცხადებებს შემოსავლების სამსახური პასუხობს. უწყება ამტკიცებს, რომ კომიტეტზე დასახელებული სტატისტიკა რეალურ მონაცემებს არ ასახავს.
“კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით. ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა. კოლეგების მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას”,- შემოსავლების სამსახურის განცხადება.