შედის თუ არა საქართველოს გავლით რუსეთში აკრძალული კომპონენტები, რომლითაც რუსეთის ომის მანქანა ძლიერდება. შეერთებული შტატების სენატში საქართველო რუსეთის მეზობელ იმ ქვეყნებს შორის დაასახელეს, საიდანაც შესაძლოა ამერიკული ტექნოლოგიები რუსეთში ხვდებოდეს.
როგორ და რატომ აძლიერებს ამერიკული ტექნოლოგიები რუსეთის ომის უკრაინაში – ამ სახელწოდებით საკომიტეტო მოსმენა შეერთებული შტატების სენატის უსაფრთხოების საქმეთა კომიტეტის მუდმივმოქმედ საგამოძიებო ქვეკომიტეტში გაიმართა.
სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა კოლეგებს უთხრა, რომ რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის დიდი ნაწილი სწორედ ამერიკული კომპანიების მიერ დამზადებული ტექნოლოგიებით მარაგდება.
სენატორის აზრით რუსეთი ამ ტექნოლოგიებს მეზობელი ქვეყნებიდან იღებს, რომლებიც თავის მხრივ, ამერიკიდან მათ იმპორტს ლეგალურად ახორციელებენ. ქვეყნებს შორის, რომელიც რუსეთისთვის ამერიკული ტექნოლოგიების მიწოდებაშია ეჭვმიტანილი, საქართველოც დასახელდა.
რუსეთის ამერიკული კომპონენტებით მომმარაგებლებს შორის საქართველო დაასახელა სენატორმა რონ ჯონსონმაც. მისი თქმით, ამერიკელი მწარმოებლები არ არღვევენ ქვეყნის ექსპორტის კონტროლის წესებს, რადგან რუსეთში ამერიკული ტექნოლოგიები არა პირდაპირ, არამედ მესამე ქვეყნების გავლით ხვდება.
დღევანდელ სხდომაზე სენატორები იმ ზომებზე მსჯელობდნენ, რომელთა გატარება საჭიროა რუსული ომის მანქანის ამერიკული ტექნოლოგიებით მომარაგების აღსაკვეთად. სენატორები ამბობენ, რომ მათ ბევრი შეკითხვა აქვთ ტექნოლოგიურ კომპანიებთანაც და ბაიდენის ადმინისტრაციასთანაც, რომელმაც მათი აზრით დამატებითი სანქციები უნდა შემოიღოს.