საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან, საკმაოდ დაბალია. ეს მაშინ, როცა 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, არის ის, რომ საქართველო უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
“ამ დროისთვის შესაბამისობის დონე არის საკმაოდ დაბალი, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან და ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, რათა ეს დონე ეტაპობრივად გაიზარდოს. იმისათვის, რომ, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დღე დადგება, მისი საგარეო პოლიტიკა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის იდენტური. როგორც უკვე ვთქვი, ახლა ეს შესაბამისობა დაბალია. შეინიშნება ზრდის ტენდენცია, თუმცა ეს ჯერ საკმარისი არ არის. ეს ეხება ყველა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ერთსულოვნად არის შეთანხმებული ყველა, 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ და ჩვენ ველით, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნის პოლიტიკა იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის პოლიტიკასთან და ეს შესაბამისობის დონე იქნება მაქსიმალურად ახლოს 100%-თან”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც. ის ამბობს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დიპლომატი საუბრობს მომავალ პარლამენტში პარტიების მრავალფეროვნად წარმოდგენის აუცილებლობაზეც.
პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა დეოლიგარქიზაციის აუცილებლობაზეც. დიპლომატი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციაში ევროკავშირი ისეთი სისტემის შექმნას გულისხმობს, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას გახდის გამძლეს იმ ზეწოლების მიმართ, რომლებიც მოდის გავლენიანი მდიდარი ბიზნესმენების მხრიდან.
განცხადებები ჟურნალისტებთან პაველ ჰერჩნსკიმ უკრაინაში ომის დაწყების ორი წლისთავთან დაკავშირებით გამართული პანელური დისკუსიის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე დიპლომატებმა იმსჯელეს როგორია ომის პერსპექტივები და ისაუბრეს უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ელჩების თქმით, დღეს უკრაინა ევროპის უსაფრთხოებას იცავს, რუსეთის აგრესია კი საფრთხე და გამოწვევაა ევროკავშირისა და ნატო-სთვის.