150 000-ზე მეტი პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დღეს განხილვის მთავარი თემა იყო პარლამენტში, სადაც ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პოლიტიკურად გამოყენებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ხელისუფლებას პენსიონერები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება.
„ქართულმა ოცნებამ“ წუხელ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი დღეს გათქვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ ზოგიერთი პარტია ამომრჩეველზე ზემოქმედებას პენსიების ზრდის შესახებ დაპირებებით ცდილობდა. მათი თქმით, ახლა უკვე ეს თემა სავაჭროდ ოპონენტებს აღარ გამოადგებათ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ 150 000-ზე მეტი პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ის უხარვეზოდ უნდა განხორციელდეს. თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი ახლა „ლიბერთი ბანკთან“ მუშაობს, რათა ცვლილების ამოქმედების თარიღი, სქემა და პროცედურა განისაზღვროს.
ნათია თურნავა პარლამენტში ინტერპელაციის წესით 7-მა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა, თეონა აქუბარდიამ, იაგო ხვიჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ჰერმან საბომ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ქეთევან თურაზაშვილმა დაიბარა. მათ კითხვები ჰქონდათ საპენსიო სესხების მაღალ პროცენტთან დაკავშირებით. თუმცა, ინტერპელაციამდე ერთი დღით ადრე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. ეს ის პენსიონერები არიან, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს. 2023 წლიდან კი „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% გახდა, რაც თავდაპირველ მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია.