ამ პიჯაკების გარდა მე არაფერი დამრჩენია, სახლიც არ დამრჩა – სააკაშვილის ჩართვა “პიჯაკების საქმეზე” | 21.02.2024

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ეგრეთწოდებული პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესზე, რომლის ფარგლებში მას ბრალი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ედება, დისტანციურად ჩართვისას პოლიტიკურ საკითხებთან ერთად უშუალოდ საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ის ამბობს, რომ საქმე სასაცილოა და იურიდიულად გაუმართავი, კორუფციაში მისი დადანაშაულება კი სირცხვილი.

სააკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავრობის ხარჯები გასაიდუმლოებული რუსეთის საფრთხის გამო იყო და სვამს კითხვას, რატომ არის გასაიდუმლოებული დღევანდელი ხელისუფლების ხარჯები.

დღევანდელ სიტყვაში სააკაშვილმა ისაუბრა საკუთარი მთავრობის მიღწევებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და ივანიშვილის ხელისუფლების კორუმპირებულობაზე.

პროცესზე სააკაშვილმა რუს ოპოზიციონერ ნავალნიზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით ციხის კამერიდან სოლიდარობას გამოხატავდა. სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მოწამლეს.