საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება | 21.02.2024

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. საუბარია პარლამენტის მიერ მესამე, საბოლოო მოსმენით საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე. სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს გამოყენების გადაწყვეტილება გუშინ განცხადებაში განმარტა. პრეზიდენტის შეფასებით ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. პრეზიდენტს მიაჩნია რომ ცესკოს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა გუშინ 81 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო. მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს, მას პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. ვენეციის კომისიის მიერ დაწუნებული კანონპროექტით ცესკოში უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული. ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ამ საკანონმდებლო ცვლილებებით ცესკოს დაკომპლექტების პროცესს სრულად ჩამოაშორა საქართველოს პრეზიდენტიც.