„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ანგარიში შოვსა და ნერგეეთში მომხდარ სტიქიებზე — რა წერია დოკუმენტში | 16.02.2024

„გარემოს ეროვნულმა სააგენტომ” გამოაქვეყნა 2023 წლის 3 აგვისტოს მდ. ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასების ანგარიში. საუბარია შოვში მეწყერსა და ღვარცოფზე, რასაც 33 ადამიანის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. რეკომენდაციებში მითითებულია, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება.

“უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება”, – „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ანგარიში.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, 15 საათსა და 10 წუთზე, ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის გლაციალური ღვარცოფის გავლას, რომელმაც გამოიწვია კურორტ შოვის სრული ნგრევა, საავტომობილო გზების, ხიდების, ელექტრო გადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოსვლა, შოვის მინერალური წყაროების გამოსავლების დაზიანება და ადამიანთა მსხვერპლი. სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს უნდა მიეღწია 7.5-10 წუთში. სააგენტო ისევ იმეორებს, რომ სტიქიის დაწყებამდე და მიმდინარეობის პროცესში მდ. ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან  შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. დასკვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს გეოლოგებმა, რომლებიც გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშს გაეცნენ.

„გარემოს ეროვნულმა სააგენტომ“ ანგარიში გამოაქვეყნა სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებითაც. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში სოფ. ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს მეწყრული პროცესები განვითარდა, შეფასებული არ ყოფილა.

3 დღის განმავლობაში მოვიდა მთელი თვის ნალექების ნორმის 46%, რაც დროის ამ მონაკვეთისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც მიუთითებს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მოვლენების გააქტიურებას. ამას ემატება ბოლო პერიოდში ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობის პროცესი. მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. მეწყერის ქვეშ მოყოლილი სახლების გარდა, მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება ფერდობის ქვედა ნაწილში, მეწყრის ორივე ბორტის გასწვრივ მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით”, – „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ანგარიში.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ, რომ სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყრული პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ 30-40 წამში მიაღწია. დოკუმენტის მიხედვით, გააქტიურებული მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობი 4.45 ჰექტარია.