პოლიტიკური შტურმი მათზე, ვინც ოლიგარქს აკრიტიკებს — ღარიბაშვილის ბრიფინგი | 15.02.2024

ღარიბაშვილის პირველი ბრიფინგი პრემიერობიდან გადაყენების შემდეგ და თავდასხმა ოპოზიციაზე უცვლელი რიტორიკით. ირაკლი ღარიბაშვილმა როსტომ მეფის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გალანძღა ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს. „ოცნების“ თავმჯდომარის კრიტიკის ყველაზე დიდი წილი პარტია „ლელოს“ და მამუკა ხაზარაძეს ერგოთ.

ღარიბაშვილმა მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ „ლელოს“ ლიდერის მიზანი ქართველი ხალხის გაძარცვაა. პრემიერობიდან გადაყენებულმა ახლა უკვე „ოცნების“ თავმჯდომარემ ხაზარაძეს სააკაშვილის მოროდიორი უწოდა.

ღარიბაშვილის თავდასხმის სამიზნე დღეს მხოლოდ პარტია „ლელო“ არ ყოფილა. მან ახსენა ნიკა მელია და ნიკა გვარამია და ისინიც ე.წ. „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად მოიხსენია.

ღარიბაშვილმა დღეს ისევ გაიმეორა პროპაგანდისტული გზავნილები ე.წ. „მშვიდობაზე“, „ეკონომიკურ მიღწევებსა“ და „მეორე ფრონტის საფრთხეზე“. მისი თქმით, ეს მიღწევები ივანიშვილის პარტიას აძლევს საფუძველს თქვას რომ, მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

„ოცნების“ თავმჯდომარის გზავნილებში დღეს იყო აგრესიული ტონი მედიის მიმართაც. ღარიბაშვილმა კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად გამოაცხადა იმ შეკითხვების გამო, რომელიც მისი პრემიერობის დროს მთავრობის განკარგულებების არგამოქვეყნებას შეეხებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იერიში მიიტანა საქართველოს პრეზიდენტზეც. მან სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა და ოპოზიციასთან ერთად მარცხი უწინასწარმეტყველა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს ბრიფინგი იმის სათქმელად გამართა, რომ მმართველი გუნდი მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში ჩავა და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. თუმცა, ღარიბაშვილმა ამ ინიციატივაზე საუბარს მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმო. შემდეგ კი პირველივე შეკითხვები სამთავრობო ტელევიზიების ჟურნალისტებმა დასვეს, რასაც ნახევარი საათის განმავლობაში ოპოზიციის, მედიის და პრეზიდენტის ლანძღვა მოჰყვა.