პრორუსი ოლიგარქი – მიუნხენის კონფერენცია ივანიშვილზე, სადაც პრეზიდენტი მიემგზავრება | 13.02.2024

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას.   ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტმა,  მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ნებართვის მიღებაზე წერილი არ შესულა.

მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოდან კიდევ ერთი დელაგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრება. წინა წელს კონფერენციას ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მას პირველი ოფიციალური ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში ექნება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული.  დოკუმენტში წერია, რომ პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ჩათრევა საკუთარ ბანაკში, ის მაინც არ აკლებს მცდელობებს, რომ ამ ქვეყნების დასავლურ ინტეგრაციას ხელი შეუშალოს. პრორუს ოლიგარქსა და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან დაშორებაზე, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ…” – მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიში.

სწორედ ამ ანგარიშს დაეყრდნობა ის დისკუსიები, რომლებიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. დოკუმენტში საქართველოზე კიდევ ერთი ჩანაწერია: სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთებებისა:

სპიკერთა სია ჯერჯერობით მიუნხენის კონფერენციის ვებ-გვერდზე არ დევს, თუმცა ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკიმ ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა კონფერენციაზე ამ წლის ხედვას წარადგენს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. მსოფლიო ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე იმსჯელებენ. ჯერ არ არის ცნობილი გამოვა თუ არა სიტყვით სალომე ზურაბიშვილი.