მიხეილ სააკაშვილი „ევროპის სახალხო პარტიამ“ 2024 წლის კონგრესზე მიიწვია | 13.02.2024

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ევროპის სახალხო პარტიამ“ 2024 წლის კონგრესზე მიიწვია, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება. გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის კონგრესის ძირითადი საკითხი მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება იქნება.

“ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვართ, მოგიწვიოთ ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესზე, რომელიც გაიმართება ბუქარესტში, 6-7 მარტს. 2024 წლის კონგრესის, რომელსაც თანამასპინძლობას უწევს [რუმინეთის] ნაციონალური ლიბერალური პარტია, ძირითადი საკითხი იქნება მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება. ევროკომისიის პრეზიდენტობის EPP-ის კანდიდატის წარდგენასა და EPP-ის საარჩევნო მანიფესტის მიღებასთან ერთად, რაც ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შეადგენს, კონგრესი ასევე იქნება მთელი ჩვენი პოლიტიკური ოჯახის შეკრების, რეზოლუციებისა და წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და საარჩევნო კამპანიის ცენტრალური თემების განხილვის შესაძლებლობა. გთხოვთ იხილოთ თანდართული პროგრამა. საუკეთესო სურვილებით, მანფრედ ვებერი, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი”, – EPP-ის წერილი მიხეილ სააკაშვილს.