რატომ დაინიშნა ანტიკორუფციული ბიუროს მრჩევლად „ოცნების“ დონორი, მამაცაშვილის ახლობელი ბიზნესმენი | 13.02.2024

რა კავშირები აქვს ანტიკორუფციული ბიუროს მრჩევლად დანიშნულ, ვასილ ბაბლუანს „ქართულ ოცნებასთან“ — „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა, მრჩევლად „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ასევე მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დონორი – ვასილ ბაბლუანი დანიშნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბაბლუანი „საპარტნიორო ფონდისა“ და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარიცაა. მათივე ცნობით, ვასილ ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიღეს.

“ვასილ ბაბლუანის კომპანიებმა სახელმწიფოსგან, კერძოდ კი „საპარტნიორო ფონდისგან“ ორ პროექტზე მიიღეს დაფინანსება: „ქართული სანაშენე ღორის ფერმა რაჭაში“ და „კერამიკული აგურის ქარხანა.“ ორივე პროექტი კომპანია შპს ჯეეს იბერია ქონსალთინგ-ის მიმდინარე ბიზნესპროექტებია. ამ კომპანიის 40%-იან წილს საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ემზარ ნოზაძე ფლობს. ნოზაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის ძმაა, რომელიც უჩა მამაცაშვილის სიძეა. უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია. ღორების ფერმის პროექტის ღირებულება 700 000 დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 50%-ია. პროექტის უშუალო განმახორციელებელი კომპანიაა შპს ნატივე ჯორჯიან, რომელიც 2016 წლის მარტში დარეგისტრირდა და სადაც ვასილ ბაბლუანი 49%-იან წილს ფლობს. „სტუდია მონიტორის“ გამოძიების მიხედვით, გარდა თანამონაწილეობისა, ბიუჯეტიდან დამატებით 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა ღორების ფერმამდე მისასვლელი გზის დაგებისთვის.

რაც შეეხება აგურის ქარხანას კასპში, პროექტი 3,2 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს და აქედან „საპარტნიორო ფონდის“ თანამონაწილეობა 34%-ია. პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა შპს კერამიკა ელ ტორენტე +, რომლის 24.5% წილს ვასილ ბაბლუანი ფლობს, 25%-ს ბიძინა სონღულაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით სონღულაშვილის ძმაა. კომპანიის დარჩენილ 50.5%-ს შპს სონნეთ ქონსთრაქშენ-ი ფლობს, რომლის 72%-ს იოსებ სონღულაშვილი, დავით სონღულაშვილის კიდევ ერთი ძმა, ფლობს. საინტერესოა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ თანახმად, პროექტში ჩართულნი არიან „ბანკი ქართუ“ და სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში.“ ფონდის წილი 1.1 მილიონი დოლარია. 2018 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ბაბლუანის კომპანიამ კასპში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 28 155 კვ.მ მიწა მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით 1 ლარად მიიღო 492 912 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით, რომლის შესრულების ვადაც სახელმწიფომ 2-ჯერ გაუხანგრძლივა.

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, NOVA Hydromining მდებარეობს საქართველოს ორ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ): ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და გრძელვადიანი ხელშეკრულებით ფლობს 1500 მ2 მიწის ნაკვეთს მაინინგ-საქმიანობის განსახორციელებლად. თიზ-ში მდებარე კომპანიები გათავისუფლებული არიან მოგების, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ). კრიპტობიზნესში ჩართული კომპანიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღგ-სგან გათავისუფლებაა, რადგან ამგვარად ისინი მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 18%-ით ნაკლებს იხდიან. აღსანიშნავია, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მმართველი კომპანიის წილებს ბიძინა ივანიშვილი და ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი ფლობენ. რაც შეეხება თბილისის თიზ-ს, 2015 წელს მისი შექმნა ასევე უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილს, მის დაინტერესებას მაინინგ ბიზნესით და ამ სფეროში ინვესტიციის ჩადებას მისი პირადი საინვესტიციო ფონდის – თანაინვესტირების ფონდის – მიერ. გარდა ამისა, ბაბლუანის NOVA Hydromining-ის კორპორატიული სტრატეგიის გუნდის წევრია დავით ებრალიძე, რომელიც ამავდროულად ფოთის თიზ-ის დირექტორიცაა. ებრალიძე ჩხარტიშვილის ოჯახის რამდენიმე კომპანიის დირექტორიცაა. მათ შორის, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის, რომლის პრეზიდენტი თავად ვანო ჩხარტიშვილია.

კრიპტობიზნესში ბაბლუანის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი ხუან დე ბაგრატიონ დე ულოა, იგივე იოანე ბაგრატიონ-მუხრანელია, რომელიც თავის მხრივ საერთო ღვინის ბიზნესს ფლობს ივანე ჩხარტიშვილის შვილთან. ბაგრატიონის მეუღლე, ქრისტინე ძიძიგური, 2018 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა. ბაგრატიონის შვილის ნათლიები ივანე ჩხარტიშვილი, თორნიკე რიჟვაძე და ვასილ ბაბლუანი არიან. 2013-2021 წლებში ვასილ ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 501 000 ლარი შესწირეს. მათ შორის, ემზარ ნოზაძემ 135 000 ლარი, ბიძინა და იოსებ სონღულაშვილებმა 270 000 ლარი, ხოლო თავად ვასილ ბაბლუანმა – 10 000 ლარი. დღეისთვის ვასილ ბაბლუანი 11 კომპანიაში ფლობს წილებს და 9 კომპანიაში იკავებს დირექტორის თანამდებობას”, – „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ვასილ ბაბლუანის განათლებისა და გამოცდილების შესახებ. ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, გაასაჯაროოს ინფორმაცია მრჩევლების შესახებ.