ირაკლი კობახიძისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დღეს პირველი სამუშაო დღეა. პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიზეზად სტიქია და მისი შედეგები დაასახელა, რის გამოც მთავრობის დროული რეაგირებაა საჭირო.
84 მომხრე, 10 წინააღმდეგი – ხმების ასეთი თანაფარდობით გამოუცხადეს ნდობა გუშინ დღის ბოლოს საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით. ოპოზიცია განახლებული მთავრობისგან განსხვავებულ ნაბიჯებსა და ცვლილებებს არ ელოდება. მათი განცხადებით, ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნითა და ერთი მინისტრის შეცვლით პოზიტიური არაფერი მოხდება.
კობახიძის გაპრემიერების შემდეგ საკადრო ცვლილებებია მთავრობის ადმინისტრაციაში. იცვლება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან უშვებენ ლერი ბარნაბიშვილს, რომელიც რეგიონებს კურირებდა. მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა მიშა ფეიქრიშვილმა ჩაანაცვლა.