კორონავირუსის 87 შემთხვევა ბოლო 24 საათში – COVID-19-ის მაჩვენებლი ყოველდღიურად ახალ რეკორდს ამყარებს. ამ სტატისტიკის გამო, საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა. იმის გამო, რომ ინფიცირების წყაროების დადგენა ვერ ხერხდება, ვირუსის გავრცელების რისკები იზრდება. ინფექციონისტები ამბობენ, რომ შემოდგომაზე დაავადების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა კორონავირუსის მეორე ტალღას ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში ელოდებიან. მიზეზად კი დაწესებული შეზღუდვების შესრულების შესუსტებას ასახელებენ.
კორონავირუსი დაუდასტურდა პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარეს თაკო ჩარკვიანს. ის ვარაუდობს, რომ ინფექცია დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო, რომელთან ერთადაც ერთ გადაცემას სტუმრობდა. ამის შემდეგ კი თაკო ჩარკვიანი რამდენიმე ტელევიზიაში, მათ შორის ტელეკომპანია “კავკასიაშიც” იმყოფებოდა. ინფექცია დღეს მის მეუღლესაც დაუდასტურდა. PCR ტესტის პასუხს ელოდება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერიც. გიორგი ვაშაძემ დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა და თვითიზოლაციაში გადავიდა. ამბობს, რომ ინფიცირებულ თაკო ჩარკვიანთან კონტაქტი ბოლოს 12 დღის წინ ზუგდიდში ჰქონდა.
39 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში და 14 ახალი კერა – აჭარის რეგიონი წითელ ზონად რჩება. სამედიცინო დაწესებულებები, ჰიპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრები, საოჯახო ტექნიკის მაღაზიები, ავტოსერვისები და კერძო საწარმოები – ეს ის ადგილებია, სადაც COVID-19-ის ახალი ფაქტები დაფიქსირდა. რეგიონში 14-ით გაიზარდა იმ პაციენტთა რიცხვიც, რომელთა ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები ვერ ადგენენ. COVID-19-ის შემთხვევის გამო მუშაობა დროებით შეწყვიტა ბათუმში “ხოზრევანიძის კლინიკამ”. კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის თანამშრომელსაც. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 146 პაციენტი მკურნალობს, 26 უსიმპტომო ინფიცირებული კი საკარანტინო სივრცეში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ეპიდსიტუაცია გამწვავდა იმერეთშიც. ქუთაისში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელია, ინფიცირებულებს შორისაა Wendy’s-ის თანამშრომელი და ქალაქის მერიის ერთ-ერთ აიპში დასაქმებული პირი. COVID-19 აქვს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი ექიმისაც. ქალაქის ცენტრში საველე კარავი დაიდგა, სადაც მოქალაქეთა უფასო PCR კვლევა უტარდებათ. COVID-19 დაფიქსირდა საჩეხერის სამთო მომზადების ბაზაზე, 14 სამხედრო მოსამსახურე თვითიზოლაციაში იმყოფება.
სავალე კარვებია მოწყობილი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორბელსა და ლაჯანაში. შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება. COVID-19 ცაგერის მუნიციპალიტეტის მკვიდრ 12 პირს აქვს დადასტურებული. დღის ბოლოს კი 428 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან. COVID-19 დაუდასტურდა ენგურჰესის კიდევ 22 თანამშრომელს. ყველა მათგანი სოფელ საბერიოს მკვიდრია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსი ქვეყანაში 20-მა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 536 პაციენტი მკურნალობს, აქედან 17-ის მდგომარეობა მძიმე, ოთხის კი კრიტიკულია.