საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმი მორიგ დასკვნას აქვეყნებს. კონსიულიუმი მიიჩნევს, რომ სახეზეა დადებითი დინამიკა თუმცა, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა და დეპრესია. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით მყარი, დადებითი პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა.
“ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში. თუმცა, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას. კონსილიუმის აზრით, არსებული დადებითი დინამიკა განპირობებულია იმით, რომ პაციენტი წელიწადნახევარზე მეტია იმყოფება პოლიპროფილურ კლინიკაში მაღალპროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის და მკურნალობის ქვეშ. თუმცა ყველა ფსიქონევროლოგიური პათოლოგია კვლავ იგივე ხარისხისაა. შესაბამისად, კონსილიუმი მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა საშუალებას მყარი დადებითი პროგნოზები იქნას გაკეთებული. ექიმთა ჯგუფი მორიგ ვიზიტს პაციენტთან განახორციელებს საჭიროების შესაბამისად”, – ომბუდსმენის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილზე.
ექიმები მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში” 25 იანვარს იმყოფებოდნენ. ჯგუფის წევრებმა მესამე პრეზიდენტი ფიზიკურად გასინჯეს, გაეცნენ სამედიცინო მასალების რელევანტურ ნაწილს და კლინიკის სამედიცინო პერსონალს გაესაუბრნენ. დასკვნას ხელს აწერს 7 ექიმი: თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გიორგი გრიგოლია, გრიგოლი ხურციძე, გიორგი პაპიაშვილი და აიდა გოზალოვა.