ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ დღეს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას, რომელსაც აქამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი ეწინააღმდეგებოდა.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ტვიტერზე დაწერა, რომ ამ გადაწყვეტილებით უკრაინა გრძელვადიან გარანტირებულ დაფინანსებას მიიღებს.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. ევროკავშირის 27-ვე ლიდერმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინის მხარდაჭერის 50 მილიარდიანი პაკეტის გამოყოფას. ეს გადაწყვეტილება უკრაინის მუდმივი, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი დაფინანსების გარანტიას იძლევა. ევროკავშირი საკუთარ თავზე იღებს ლიდერობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე”, – შარლ მიშელის განცხადება.
გადაწყვეტილების შესახებ ტვიტერზე დაწერა ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა, რობერტა მეცოლამაც:
“ევროპამ კიდევ ერთხელ გაართვა თავი. 50 მილიარდი ევრო მოხმარდება უკრაინის დახმარებას მისი აღდგენისთვის, რეკონსტრუქციისა და რეფორმირებისთვის ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის ჩვენი მოვალეობა უკრაინელი ხალხის წინაშე. ეს არის ჩვენი ვალდებულება ევროპელი ხალხის წინაშე. იმიტომ რომ უკრაინის უსაფრთხოება – ევროპის უსაფრთხოებაა”, – რობერტა მეცოლას განცხადება.
აქამდე უკრაინის მხარდაჭერის პაკეტის დამტკიცებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბლოკავდა. დღეს, სამიტის დაწყებამდე გაირკვა, რომ უნგრეთმა პოზიცია შეცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ჟოზეფ ბორელიმ უთხრა.
ბორელის განცხადებით, რუსეთის აგრესია ევროპის უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხედ რჩება. “ჩვენ გვაქვს რესურსები და მეტი უნდა გავაკეთოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, ევროპაში ყველას მოუწევს უფრო დიდი ფასის გადახდა მომავალში”, – ამბობს ბორელი.