“ქართული ოცნების“ ყრილობამ ყოფილი პრემიერი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ერთსულოვნად დაამტკიცა. დღევანდელ ყრილობაზევე პარტიამ პრემიერობის კანდიდატად პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაასახელა.
პარტიის ახალმა თავმჯდომარემ პრემიერობიდან ორჯერ გადაყენების მიუხედავად სიტყვით გამოსვლა მადლობებით დაიწყო და მისი ძირითადი ადრესატი ბიძინა ივანიშვილი იყო. ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.
ღარიბაშვილმა პარტიული ყრილობაც პროპაგანდისტული გზავნილებისთვის გამოიყენა. მან ისაუბრა ე.წ. „მშვიდობაზე“ და, ტრადიციულად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გააკრიტიკა. ღარიბაშვილის თქმით, 2008 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, საქართველოში ომი არ იქნებოდა.
პარტიის ახალმა თავმჯდომარემ ე.წ. „ეკონომიკურ მიღწევებზეც“ ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს.
სიტყვით გამოსვლის ბოლოს, ღარიბაშვილმა ირაკლი კობახიძეს ძმური თანადგომა აღუთქვა და წარმატება უსურვა. ამის შემდეგ, ტრიბუნა პრემიერობის კანდიდატმა დაიკავა. კობახიძემ, ღარიბაშვილის მსგავსად, სიტყვით გამოსვლა ივანიშვილის მიმართ მადლობებით დაიწყო.
კობახიძემ თქვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მან, ასევე, ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩენა დააანონსა.
„ქართული ოცნების“ მე-8 ყრილობაზე სიტყვით არ გამოსულა ბიძინა ივანიშვილი. მას არ განუმარტავს რატომ მიიღო ღარიბაშვილის კობახიძით და კობახიძის ღარიბაშვილით შეცვლის გადაწყვეტილება. თუმცა, „ოცნების“ სხვა ლიდერებმა უკვე დაადასტურეს, რომ ცვლილებები ამით არ სრულდება. ცნობილია, რომ მთავრობაში თავდაცვის მინისტრი შეიცვლება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს. ბურჭულაძე კი, როგორც თვითონ ამტკიცებს, ნატოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს.