ნიკა მელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, რომ იყო, არის და იქნება ერთობის მომხრე და იქნება იქ, სადაც სისტემის დემონტაჟია შესაძლებელი. მისი თქმით, საარჩევნოდ გაერთიანებებს საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და არა მხოლოდ ტექნიკურად უნდა იყოს მოსახერხებელი ერთად ყოფნა.
“შემომდის ბევრი ზარი და კითხვა მედიებისაგან პოტენციურ ერთობაზე და იმ ფორმასა თუ შინაარსზე, რომლითაც თანამოაზრეებთან ერთად შევალ საარჩევნო მარათონში. ამიტომ, ვწერ პოსტს, რომლითაც შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ და მიიღოთ ჩემს პასუხად. ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე. ჩემი ეს პოზიცია არაერთგზის დამიფიქსირებია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებებით 2020 და 2021 წლებში და მისი ერთგული ვარ დღემდე. გარდა იმისა, რომ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგს, მაშინ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გამოცდილებაც – ერთობას საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და უნდა ასახავდეს ხალხის ინტერესს – არა მხოლოდ ტექნიკურად უნდა იყოს მოსახერხებელი ერთად ყოფნა, არამედ ამ ერთობით საზოგადოებრივი ინტერესის უკეთ ასახვა და უკეთ განხორციელება უნდა იყოს შესაძლებელი. მალე აუცილებლად იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ამ და სხვა საკითხებზე, რომელიც იქნება საჯარო, ხალხის ინტერესითა და გამარჯვებისათვის საჭირო ქმედებებით ნაკარნახები – მე ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემოტაჟი, მისი ცვლილება ახალი ჯანმრთელი მოცემულობით იქნება შესაძლებელი; სადაც არ იარსებებს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მქონე არანაირი ხმა, გარდა ხალხის ხმისა – მათი მისწრაფებებისა და იქნება ორიენტირებული მომავალზე”, – ნიკა მელიას განცხადება.