უკვე ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს. ახალი პრემიერ-მინისტრი საკუთარ გუნდს, სავარაუდოდ, მას შემდეგ წარადგენს, რაც 1 თებერვალს “ქართული ოცნების” ყრილობაზე მხარდაჭერას მიიღებს და ოფიციალურად დასახელდება პრემიერობის კანდიდატად. ამავე ყრილობაზე ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.
პროცედურის მიხედვით, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დასამტკიცებლად პოლიტსაბჭოს წარუდგენს, რის შემდეგაც პროცესები საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს.
საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერს და მთავრობის შემადგენლობას ნდობა პრემიერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ნდობის მისაღებად დეპუტატების სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.
ირაკლი ღარიბაშვილი, გუშინ, მეორედ დაემშვიდობა მთავრობის მეთაურის პოსტს. პირველად ის 2015 წლის ბოლოს გადადგა, – მეორედ კი, გუშინ, ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ მობრუნებიდან ერთი თვის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პირობას დებდა, რომ პრემიერი არ შეიცვლებოდა. სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სამთავრობო გუნდს რამდენიმე მინისტრიც დაემშვიდობება.