კომპანია „ერ ტე დეს“, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა, 18 იანვარს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თითქმის 15-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა. შპს „ერ ტე დეს“ იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 11 კმ-ზე ახლა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ევალება. ხელშეკრულების თანხა 14 899 999 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შესყიდვისთვის ტენდერი 2023 წლის 9 ნოემბერს გამოაცხადა, პრეტენდენტებისგან წინადადებების მიღება კი 2023 წლის 15 დეკემბერს დაასრულა. სამუშაოების შესრულება სულ 3 კომპანიას სურდა, რომელთაგან გამარჯვებულად „ერ ტე დე“ გამოცხადდა. კომპანია ახლა ვალდებულია, სამუშაოების დაწყების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წერილობითი დავალების გაცემიდან 1 წელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულოს.