აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში ხატიაშვილების ოჯახი საცხოვრებელი ბინიდან ძალის გამოყენებით გამოასახლა. გამოსახლებას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. დედაქალაქის ცენტრში კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი დილიდან დაიწყო, მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებიც ბინიდან ხუთსულიანი ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
დააკავეს არაერთი პირი. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ პოლიცია მათ ფიზიკურად გაუსწორდა, და სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. გადაკეტილი იყო კეკელიძის ქუჩა, ხოლო ადგილზე მისულ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებული დახვდათ. აღსრულების პოლიცია შენობაში შესვლას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარის, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა მოუწია.
ონლაინ-პლატფორმა მაუწყებლის კადრებიდან ჩანს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ბინაში იყო გამაგრებული. სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ბინიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ხატიაშვილების ოჯახის, გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა. როგორც ცნობილია, ისინი მზად არიან დაფარონ არსებული ფინასური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.
კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრეზიდენტი წერს რომ ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!. მეორე განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა ასევე სოციალურ ქსელში გაავრცელა წერს რომ მევახშეების წახალისება მიუღებელია.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, კეკელიძის N1-ში, გამოსახლების გაპროტესტებისას აქციაზე, 7 პირი დააკავეს. სახალხო დამცველი თქმით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებისას აქტივისტებმა დაზიანებები მიიღეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას შეისწავლიან. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით. სახალხო დამცველის თქმით, ომბუდსმენი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს.
განცხადება გაავრცელა აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც. უწყების ინფორმაციით ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.
“ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება. აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით”, – აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, 20 პირია დაკავებული. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი. უწყების ინფრომაციით, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.