ემზადება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პარტიაში საკადრო ცვლილებებისთვის. „ქართული ოცნების“ განახლებული წესდების თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პოლიტიკურმა საბჭომ საპატიო თავმჯდომარის ანუ ივანიშვილის წარდგინებით უნდა დაამტკიცოს. რატომ გადაწყვიტა ოლიგარქმა იმ უფლებების წესდებაში ჩაწერა, რაც მას არაფორმალურად ისედაც ჰქონდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, „ოცნების“ ლიდერებისთვის ივანიშვილი აღარ არის ავტორიტეტი, რადგან მათ დაგროვებული ქონების გადარჩენა უფრო ადარდებთ. ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი კორუფციის ბრალდებით, შესაძლოა, პოსტიდან კიდევ ერთხელ გადააყენოს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე „ქართული ოცნების“ 2023 წლის 30 დეკემბრის მეშვიდე რიგგარეშე ყრილობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები გუშინ გამოქვეყნდა. ცვლილებებით პარტიის სტრუქტურას ემატება – პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ამ პოსტზე კი პარტიის ყრილობამ შეიძლება აირჩიოს პირი, „რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე“. ახალი წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭო „საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას“. გარდა ამისა, მას შეუძლია რიგგარეშე ყრილობის მოწვევა. ამავე დოკუმენტის თანახმად, საპატიო თავმჯდომარე პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველიცაა.