შეძლებს თუ არა პოლიტიკური სპექტრი თანამშრომლობას ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად. ოპოზიციის ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექნის იმედი არ აქვთ.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი გაწერილ სამოქმედო გეგმას მიჰყვება. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობაზე ოპოზიციის საუბარი გულწრფელობის განცდას არ ტოვებს. მათი შეფასებით რადიკალურ ოპოზიციას არასდროს ჰქონდა სურვილი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი განეცადა.
საქართველოს რეფორმების ცხრაპუნქტიანი გეგმა აქვს შესასრულებელი იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად განაცხადი გააკეთოს. ევროკომისიის მიერ გაცემული ცხრა რეკომენდაცია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს, მედიას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას ეხება.