მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი ქათამაძე იკითხება, რომელსაც 19 ივნისის საბედისწერო ღამეს მერსედესის მგზავრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვინ სცემა ის და რა ინფორმაციის მიწოდებას აპირებს სასამართლოსთვის – გიორგი ქათამაძემ დღეს ჟურნალისტების ამ შეკითხვებს პასუხი არ გასცა. ის სასამართლოს შენობაში ისე შევიდა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. დღევანდელ პრცესზე იკითხება ანა გაბეჩავას მეგობარი მარიამ ხატისკაციც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარი ასევე არ ისურვა. დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატებს მოწმეებთან კითხვები ექნებათ, თუ რატომ აწვდიდნენ ისინი გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე გამოძიებას სხვადასხვა ინფორმაციებს.
გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. თუმცა 5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და მათ განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან და ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.